მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
გადასვლა ნავიგაციაზეგადასვლა ძიებაზეგადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
Lexus-ის ახალი ამბები

ახალი NX-ის წარდგენა Nitto ATP საფინალო თამაშებზე

ევროპული პრემიერა: ახალი Lexus NX ტურინში, Nitto ATP საფინალო თამაშების ტურნირზე, რომელიც მამაკაცთა ელიტარული საერთაშორისო საჩოგბურთო სეზონის კულმინაციას წარმოადგენს.

  • ახალი NX კიდევ უფრო სრულყოფს მოდელის ძლიერ მხარეებს და აგრძელებს მის წარმატებულ გზას ევროპულ ბაზარზე. მნიშვნელოვანი განახლებები მოიცავს ახალ ჰიბრიდულ და plug-in ჰიბრიდულ ძალოვან აგრეგატებს, ექსტერიერის განახლებულ დიზაინსა და სრულიად ახალ ინტერიერს.
  • სალონი გადამუშავებულია Clean x Tech კონცეფციის შესაბამისად და აღჭურვილია უახლესი თაობის მულტიმედიური სისტემით, თავისი 14 დუიმიანი ეკრანით.
  • ფუფუნების შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს Lexus-ის ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიური სიახლეები - კარგად რეაგირებადი დამალული ღილაკები და სენსორული კონსიერჟი. ევროპაში პირველად, ხელმისაწვდომი იქნება სალონის არომატიზაციის ფუნქციაც, რომელიც თითოეული მომხმარებლის გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
  • Lexus უკვე ზედიზედ მეოთხე წელია Nitto ATP საფინალო თამაშების პრემიუმ პარტნიორი და ოფიციალური საავტომობილო პარტნიორია.

ახალი Lexus NX-ის ევროპული პრემიერა განსაკუთრებულ გარემოში, Nitto ATP საფინალო თამაშებზე იმართება, რომელიც 15-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ტურინში ტარდება. ეს პრესტიჟული ღონისძიება საუკეთესო გარემოა მოდელის განახლებული ვერსიის წარსადგენად. NX უკვე მრავალი წელია ევროპაში Lexus-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია და ამჟამად ბრენდის წლიური გაყიდვების თითქმის მესამედს შეადგენს.

ეს ღონისძიება ასევე წარმოაჩენს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც Lexus-სა და ATP-ს შორის მამაკაცთა პროფესიონალურ ჩოგბურთში ჩამოყალიბდა.

*პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია

Lexus და ATP

Lexus 2023 წლიდან ATP ტურის და Nitto ATP საფინალო თამაშების პრემიუმ პარტნიორი და ოფიციალური საავტომობილო პარტნიორია. ეს თანამშრომლობა ასახავს მათ საერთო ღირებულებებს: ოსტატობას, სიზუსტეს, ვნებასა და მუდმივ სრულყოფას.

სპორტში მაღალი დონის შედეგს განაპირობებს სათანადო მომზადება, კონტროლი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს Lexus თავისი უმაღლესი კლასის ავტომობილებისა და მომხმარებელთა მომსახურების შექმნისა და განვითარების პროცესში.

ჩოგბურთში თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, ახალ NX-ში კი - თითოეული დეტალი.

ამიტომ Nitto ATP საფინალო თამაშები იდეალური გარემოა Lexus-ისთვის ახალი მოდელის წარსადგენად. აქ ერთმანეთს ერწყმის განსაკუთრებული ოსტატობა, ადამიანური ემოციები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. სეზონის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობს წლის საუკეთესო რვა ჩოგბურთელი ერთეულთა თანრიგში და რვა საუკეთესო წყვილი წყვილთა თანრიგში.

ახალი NX ტურნირის ყურადღების ცენტრში მოექცევა: მისი პრემიერა პირველად ტურნირის მთავარ კორტზე გაიმართება, ხოლო ავტომობილი ასევე წარმოდგენილი იქნება გულშემატკივართა სივრცეში - ფანების სოფელში, ინალპის არენასთან მდებარე პიაცალე გრანდე ტორინოზე. ამგვარად, მისი წარდგენა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივრის ყურადღებას მიიპყრობს.

ტურნირის მიმდინარეობისას Lexus მოთამაშეების, ოფიციალური პირებისა და საპატიო სტუმრების გადასაყვანად ბრენდის უახლესი ჰიბრიდული, plug-in ჰიბრიდული და სრულად ელექტრული ავტომობილების პარკს გამოყოფს.

ენო პოლო, ATP-ის აღმასრულებელი დირექტორი:

"Nitto ATP საფინალო თამაშები ჩვენი სეზონის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მოხარულები ვართ, რომ ტურინში Lexus ჩვენ გვერდითაა. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება სრულყოფილებისკენ სწრაფვისა და გულშემატკივრებისთვის გამორჩეული შთაბეჭდილებების შექმნის საერთო მიზანს. სასიხარულოა, რომ Lexus საფინალო ტურნირს ახალი NX-ის ევროპული წარდგენისთვის იყენებს და ATP-ის ნომერი პირველი კლუბის მეშვეობით აფართოებს ჩვენს თანამშრომლობასაც. ეს ინიციატივა ჩვენს სპორტში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევის აღნიშვნას ემსახურება. მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ და გულშემატკივრებს ჩოგბურთის საუკეთესო მხარესთან დაახლოების ახალ შესაძლებლობებს შევთავაზებთ.“

ანდრე შმიდტი, Lexus Europe-ის ხელმძღვანელი:

„ერთი წლის წინ ATP-სთან მრავალწლიანი პარტნიორობის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვბრუნდებით ტურინსა და Nitto ATP საფინალო თამაშებზე, სადაც ახალ NX-ს წარვადგენთ. ეს მოდელი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი მზარდი, პრემიუმ კლასის ელექტრიფიცირებული ავტომობილების ხაზში. ამასთან, ტურნირის შეუფერხებელ გადაადგილებას ჩვენი უახლესი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ.

"ეს გრანდიოზული ფინალი საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი ახალი ქროსოვერის გამორჩეული თვისებების წარმოსაჩენად და იმის საჩვენებლად, რომ მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შეთავაზება ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტულია".

ახალი NX-ის ევროპული წარდგენა მის შოურუმებში გამოჩენას უსწრებს, რომელიც 2027 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

ახალი NX: უფრო სპორტული და თანამედროვე დიზაინით

Lexus-ის დიზაინერებმა NX-ის Vital x Tech კონცეფცია კიდევ უფრო განავითარეს და ქროსოვერს მიანიჭეს უფრო სპორტული და ელეგანტური ექსტერიერი, ხოლო ინტერიერი კომფორტისა და სიმყუდროვის ახალ შეგრძნებას ქმნის.

ავტომობილი ინარჩუნებს დახვეწილ სილუეტს, თუმცა ახალი დიზაინის ელემენტები კიდევ უფრო გამოკვეთს მის განიერ და დაბალ პროპორციებს. წინა ნაწილში ახალი, ჩარჩოს გარეშე შპინდელური ფორმის ცხაურია, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ძარას. მის ორივე მხარეს განთავსებულია ახალი წინა მაშუქები "ყველა ამინდის" განათებით, რომელიც აერთიანებს ადაპტირებად შორი განათების სისტემას ღამით ოპტიმალური ხილვადობისთვის, მოხვევის განათებასა და მაშუქების საწმენდებს. განახლებულია დღის განათებისა და მოხვევის მაჩვენებლების დიზაინიც - ისინი ორი პარალელური ზოლის სახითაა განლაგებული.

გვერდითა ხედს ახალი ზღურბლის ჩამოსხმული დეტალები და განახლებული დიზაინის, მრავალქიმიანი, მუქი შეფერილობის ალუმინის დისკები ავსებს. უკანა ნაწილში კი განათების ახალი დიზაინი გამოიყენება: უკანა გაბარიტული და სამუხრუჭე მაშუქი გამორჩეული, L-ფორმის მოტივითაა შესრულებული.

F Sport ვერსიების სპორტულ იერს კიდევ უფრო გამოკვეთს შავი საფარი, რომელიც სახურავის სადგამებს, უკანა სპოილერს, ბამპერის ქვედა ნაწილსა და ზღურბლებს ფარავს. F Sport-ის 20 დუიმიან დისკებს თხელი, ორმაგქიმიანი დიზაინი აქვს, რომლის მიღმაც ახალი, მკვეთრი წითელი სამუხრუჭე სუპორტები ჩანს.

ღია და მინიმალისტური Clean x Tech დიზაინის სალონი

სალონი მნიშვნელოვნად განახლდა. მისი დიზაინის შექმნისას შთაგონების წყარო Lexus-ის ახალი ES სედანი და მომავალი ლუქს კლასის TZ ქროსოვერი გახდა. მინიმალისტური Clean x Tech კონცეფციის შესაბამისად, ჰორიზონტალური პანელი აერთიანებს მძღოლის 12.3 დუიმიან ციფრულ ხელსაწყოთა პანელსა და 14 დუიმიან მულტიმედიურ ეკრანს. მათი განლაგება მძღოლს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია თავისა და თვალების მინიმალური მოძრაობით მიიღოს.

სალონის სადა და მოწესრიგებულ იერს Lexus-ის რეაგირებადი დამალული ღილაკები კიდევ უფრო უსვამს ხაზს. პირველად, ისინი სრულფასოვანი ფუნქციონალითაა წარმოდგენილი. ეს ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი მაგალითია: ისეთი ფუნქციების მართვის ღილაკები, როგორიცაა 360-გრადუსიანი პანორამული ხედვის მონიტორი და ავტომატური პარკირების სისტემა, პანელში შეუმჩნევლადაა ჩამალული. მძღოლის ან მგზავრის ხელის მიახლოებისას ისინი ინთება და ხილული ხდება, შეხებისას კი ფიზიკური უკუკავშირით ადასტურებს მოქმედებას.

თანამედროვე სალონს ახალი, გამორჩეული მოსაპირკეთებელი მასალებიც ამშვენებს, მათ შორის - დამუშავებული ბამბუკი, რომლის ბუნებრივი ვარიაციები თითოეულ დეტალს ინდივიდუალურ იერს ანიჭებს.

Lexus-ის სენსორული კონსიერჟი: ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებული კომფორტი ყოველი მგზავრობისას 

Lexus-ის სენსორული კონსიერჟი NX-ში ევროპაში პირველად იქნება წარმოდგენილი და თითოეულ მგზავრობას მრავალმხრივ, შთამბეჭდავ შეგრძნებებს შესძენს. ეს კიდევ ერთი ადამიანზე ორიენტირებული სიახლეა, რომელიც ერთმანეთს უსადაგებს სალონის განათებას, მუსიკას, კლიმატ-კონტროლს, სავარძლების ტემპერატურასა და პირველად - სალონის არომატიზაციას.

მულტიმედიური სისტემის მეშვეობით შესაძლებელია სამი რეჟიმიდან ერთ-ერთის არჩევა: Inspire, Radiance და Revitalise. თითოეული რეჟიმის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს სალონის განათების დამატებითი პარამეტრები, მათ შორის 50 სხვადასხვა ფერის ტონი და დინამიკური ფერთა კომბინაციები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება და მულტიმედიურ ეკრანზე აისახება.

სალონის ატმოსფეროს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის სპეციალურად ავტომობილისთვის შექმნილი არომატები, რომლებიც Givaudan-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ეს კომპანია მსოფლიო ლიდერია არომატების, სილამაზისა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული პროდუქტების სფეროში. სალონის არომატიზაციისთვის გამოიყენება სამი ცვლადი კარტრიჯი, რომლებიც ხელთათმანების სათავსოშია განთავსებული და ავტომობილის სავენტილაციო სისტემას უკავშირდება. 

კლიმატ-კონტროლის პარამეტრებთან და მუსიკის შერჩევასთან ერთად, კონსიერჟი ქმნის უნიკალურ გარემოს, რომელიც მგზავრის განწყობასა და მგზავრობის ხასიათს შეესაბამება. ეს Lexus-ის Omotenashi სტუმარმართმოყვარეობის ფილოსოფიის შესანიშნავი გამოხატულებაა.

ახალი თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიების არჩევანი

Lexus-მა პრემიუმ კლასის ავტომობილებისთვის ჰიბრიდული ტექნოლოგიების სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება გამოიყენა და NX ახალი თაობის ძალოვანი აგრეგატებით აღჭურვა: NX 450h+ plug-in ჰიბრიდული სისტემით, ხოლო NX 350h - სრულად ჰიბრიდული სისტემით. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ ჰიბრიდული სისტემის კომფორტი და დახვეწილი მუშაობა ან plug-in ჰიბრიდული სისტემის უპირატესობა - ელექტრულ რეჟიმში უფრო დიდი მანძილის გავლის შესაძლებლობა.

მოსალოდნელია, რომ ორივე ვერსია თავის კლასში CO₂ ემისიების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამასთან, მათ ახასიათებს საწვავის დაბალი მოხმარება და Lexus-ისთვის დამახასიათებელი უხმაურო მუშაობა, დახვეწილი სვლა და სწრაფი რეაგირება.

ახალი plug-in ჰიბრიდული სისტემა უფრო ტევად ბატარეას იყენებს, რომლის მოცულობა 18-დან 23 კვტ.სთ-მდე გაიზარდა. შედეგად, ავტომობილის ჯამური სიმძლავრე 296 DIN ცხენის ძალას** აღწევს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6.1 წამი სჭირდება. NX 450h+ მუშაობას სტანდარტულად ელექტრულ რეჟიმში იწყებს და მისი მოსალოდნელი სვლის მარაგი 100 კმ-ს აღემატება, რაც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, როგორც წესი, სრულიად საკმარისია. ბატარეის დაცლის შემდეგ სისტემა შეუმჩნევლად გადადის ბენზინისა და ელექტროძრავის ერთობლივ, საწვავის ეკონომიურ და დაბალი ემისიის მქონე ჰიბრიდულ რეჟიმზე. ეს განსხვავდება კონკურენტთა სისტემებისგან, რომლებიც ბატარეის დაცლის შემდეგ მხოლოდ შიგაწვის ძრავაზე გადადიან.

ეს Lexus-ის პირველი plug-in ჰიბრიდია, რომელიც მუდმივი დენის სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობას იძლევა. ბატარეის 10%-დან 80%-მდე დამუხტვას დაახლოებით 28 წუთი სჭირდება. ეს კი ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც მოსახერხებელს ხდის ავტომობილის ელექტრომობილის რეჟიმში გამოყენებას.

NX 350h-ის ბატარეის წონა და ელემენტების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, სისტემის გაგრილების პარამეტრების გაუმჯობესების წყალობით, მაქსიმალური სიმძლავრე მხოლოდ მცირედით შეიცვალა და ახლა 190 DIN ცხენის ძალას** შეადგენს.

NX-ის, როგორც ქროსოვერის პრაქტიკულობა კიდევ უფრო გაიზარდა: ყველა ვერსიას ახლა 1 500 კგ-მდე ტვირთის გადატანა შეუძლია, რაც წინა მაჩვენებელზე 500 კგ-ით მეტია.

** წინასწარი მონაცემი (დამუშავების ეტაპზე)

მართვის გამოცდილება

ახალი NX კიდევ უფრო ავითარებს Lexus-ის მართვის მთავარ პრინციპებს - კომფორტს, თავდაჯერებულობასა და სრულ კონტროლს ნებისმიერ სიტუაციაში. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა ძრავის, სამუხრუჭე სისტემისა და საჭის მუშაობის სრულყოფილი კოორდინაციით. ავტომობილის მდგრადობა და სალონში მყოფი ყველა მგზავრის კომფორტი კიდევ უფრო გაუმჯობესდა: გაიზარდა ძარის სიმტკიცე, ხოლო მძიმე კომპონენტები უფრო ქვემოთ, ავტომობილის ცენტრთან ახლოს განთავსდა.

შედეგად, ავტომობილი გზატკეცილზე მშვიდი და კომფორტული სვლით, ქალაქში მოქნილობით, ხოლო ღია გზაზე თავდაჯერებული მართვით გამოირჩევა. სწრაფი რეაგირებისა და მარტივი მართვადობის წყალობით, თითოეული მფლობელის ცხოვრების სტილს NX ბუნებრივად ერგება.

განახლებული NX მკაცრ გამოცდებსა და დახვეწის პროცესს იაპონიაში, Lexus-ის შიმოიამას სატესტო ცენტრის ტრასაზე გადიოდა. Lexus-ის სერიული წარმოების ავტომობილის ისტორიაში პირველად, მისი გამოცდა ლეგენდარულ ნიურბურგრინგის სარბოლო ტრასასა და მის მიმდებარე გზებზეც ჩატარდა. სწორედ აქ დაიხვეწა ავტომობილის მახასიათებლები ევროპული გზებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მძღოლის ოპტიმალური პოზიციის შერჩევას. ამისთვის დეტალურად დამუშავდა სავარძლის განლაგება, საჭის ზომა, სამუხრუჭე და გაზის სატერფულების განლაგება. გაუმჯობესდა საჭის მართვის სისტემაც - ის ახლა უფრო სწრაფად რეაგირებს და მანევრირებას აადვილებს. საჭე მსუბუქი, თანაბარი უკუკავშირითა და მართვისას თავდაჯერებულობის შეგრძნებით გამოირჩევა.

Lexus-მა ხმაურისა და ვიბრაციის შესამცირებლად მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა, რის შედეგადაც სალონი კიდევ უფრო უხმაურო და დახვეწილი გახდა. ცვლილებები მოიცავს როგორც ძრავის ბლოკის ფორმის შეცვლას, ისე ავტომობილის სხვადასხვა მნიშვნელოვან ადგილას დამატებით ხმოსაიზოლაციო მასალას.

ძარის სიმტკიცე გაიზარდა ჩარჩოს კონსტრუქციის ცვლილებების, ლაზერული შედუღებისა და მაღალი სიმტკიცის წებოვანი მასალების გამოყენებით. შედეგად, გაუმჯობესდა სვლის კომფორტი, შემცირდა ხმაური გზიდან და არათანაბარ ზედაპირზე ავტომობილი უფრო სტაბილურად მოძრაობს. ძარის დიზაინს ახალი აეროდინამიკური ელემენტებიც დაემატა, რაც მართვისას მეტ სტაბილურობასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

სრულამძრავიანი სისტემა, რომელიც NX 450h+-ის სტანდარტული აღჭურვილობაა, ხოლო NX 350h-ისთვის დამატებითი არჩევანის სახითაა ხელმისაწვდომი, ასევე გადამუშავდა. ახლა ის სხვადასხვა საგზაო პირობებს ერგება და საჭიროებისამებრ, ავტომატურად უზრუნველყოფს საიმედო და კომფორტულ მოძრაობას, ასევე, სათანადო სიმძლავრეს.

სრულად ციფრული და სრულად დაკავშირებული

ციფრული სალონი აერთიანებს მძღოლის წინ განთავსებულ ახალ, 12.3 დუიმიან ციფრულ ხელსაწყოთა პანელსა და ასევე ახალ, 14 დუიმიან მულტიმედიურ ეკრანს, რომელიც NX-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ზომისაა. მძღოლს შეუძლია ხელსაწყოთა პანელის განლაგებისა და ვიზუალური გაფორმების საკუთარი სურვილისამებრ მორგება.

უახლესი LexusConnect მულტიმედიური სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია: მისი დამუშავების სიჩქარე ოთხჯერ გაიზარდა, მონაცემთა შენახვის მოცულობა კი რვაჯერ და ახლა 256 გბ-ს შეადგენს. სისტემის მართვა შესაძლებელია ულტრათხელი ეკრანის ან ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით. ის ბუნებრივ მეტყველებას აღიქვამს და შესაბამის ბრძანებებს ასრულებს. ვიჯეტებისა და სწრაფი პარამეტრების გამოყენებით ხშირად საჭირო ფუნქციების პოვნა კიდევ უფრო მარტივია.

ახალი ციფრული კაბინის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სანავიგაციო რუკის ასახვა კომბიმეტრზე. ეს მძღოლს მიმართულებების უკეთ აღქმაში ეხმარება და ყურადღების გაფანტვას ამცირებს.

NX 450h+-ში LexusConnect-ს დამატებული აქვს ელექტრომობილის სპეციალური მენიუ, რომლის მეშვეობითაც მარტივად ხელმისაწვდომია ინფორმაცია დამუხტვის პროცესის, ბატარეის მდგომარეობისა და მისი კონფიგურაციის პარამეტრების შესახებ.

მულტიმედიური სისტემის გაზრდილი მეხსიერების წყალობით, LexusLink+ აპლიკაციის საშუალებით დაკავშირებული სერვისების უფრო ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი. სტანდარტული პაკეტი მოიცავს მართვის მონაცემების ანალიზს, ავტომობილის ადგილმდებარეობის დადგენისა და ღრუბლოვან სანავიგაციო სერვისებს. დისტანციური სერვისების საშუალებით შესაძლებელია კლიმატ-კონტროლის მართვა და კარის ჩაკეტვა-გაღება. ეს ფუნქციები წინა თაობის სისტემასთან შედარებით გაცილებით სწრაფად რეაგირებს.

ახალი მულტიმედიური სისტემა ასევე თავსებადია ახალი თაობის Lexus-ის ჭკვიან ციფრულ გასაღებთან, რომლის ინტეგრირებაც შესაძლებელია მფლობელის სმარტფონში ან სმარტსაათში. მისი მეშვეობით ავტომობილზე წვდომის უფლების გაზიარება მაქსიმუმ შვიდ მომხმარებელთანაა შესაძლებელი. Connect & Drive პაკეტი მეტ კომფორტზეა ორიენტირებული და მოიცავს TomTom-თან პარტნიორობით შექმნილ ჭკვიან სანავიგაციო სისტემას. პაკეტში ასევე შედის ჭკვიანი ხმოვანი ასისტენტი, რომელსაც მომხმარებლის გაცილებით მრავალფეროვან მოთხოვნებზე შეუძლია რეაგირება, მათ შორის სპორტული შედეგების, ავიარეისების სტატუსისა და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

Connect & Secure პაკეტი, რომელიც NX-ის F SPORT და Luxury კომპლექტაციებისთვისაა ხელმისაწვდომი, ავტომობილის უსაფრთხოების დამატებით ფუნქციებს აერთიანებს. მათ შორისაა მძღოლის ვიდეორეგისტრატორი, დისტანციური იმობილაიზერი (რომლის დანერგვაც სამომავლოდ იგეგმება) და ავტომობილის ქურდობის საწინააღმდეგო ასისტენტი. ეს ფუნქციები უსაფრთხოების დამატებით დონეს უზრუნველყოფს: ვიდეორეგისტრატორი უწყვეტად იწერს ერთწუთიან ვიდეოფრაგმენტებს და ინახავს, რაც შესაძლებელს ხდის შემთხვევამდე და მის შემდეგ მომხდარი მოვლენების აღბეჭდვას; დისტანციური იმობილაიზერი ძრავის დისტანციურად დაბლოკვისა და განბლოკვის საშუალებას იძლევა; ხოლო ავტომობილის მოპარვის შემთხვევაში მისი ადგილმდებარეობის დადგენა და პოლიციისთვის ინფორმაციის კოორდინირებული მიწოდებაა შესაძლებელი.

უსაფრთხოებისა და მართვის მოწინავე დამხმარე სისტემები

NX-ის ყველა მოდელი აღჭურვილია უახლესი თაობის უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System+, რომელიც აქტიური უსაფრთხოებისა და მართვის მოწინავე დამხმარე ფუნქციებს აერთიანებს.

უსაფრთხოების სისტემები ავტომობილის წინ და მის გარშემო გაფართოებულ არეალში ავარიის შესაძლო საფრთხეებს აფიქსირებს, მძღოლს შეჯახების რისკის შესახებ აფრთხილებს და საჭიროების შემთხვევაში დამუხრუჭებაში, აჩქარებასა და მართვაში ეხმარება. ამგვარად, სისტემა ხელს უწყობს შეჯახების თავიდან აცილებას ან თუ ავარია გარდაუვალია - მისი სიმძიმის შემცირებას.

ისეთი მნიშვნელოვანი სისტემები, როგორიცაა: შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS), კრუიზ-კონტროლი დინამიკური რადარით (DRCC), ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა (LDA) და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LTA) კიდევ უფრო დაიხვეწა, რათა ავტომობილის მართვა უფრო უსაფრთხო და მარტივი გამხდარიყო. აღჭურვილობაში ასევე შედის ავარიული გაჩერების სისტემა (EDSS), რომელიც აფიქსირებს მძღოლის მიერ ავტომობილის მართვის გაგრძელების შეუძლებლობას, ანელებს NX-ს და აჩერებს მას მოძრაობის ზოლში, ამასთან ააქტიურებს საავარიო მაშუქებს.

ახალი NX-ის მოდელების ხაზი და აღჭურვილობის ძირითადი მახასიათებლები

ახალი NX ხელმისაწვდომია აღჭურვილობის ოთხი კომპლექტაციით*: Business, Executive, Luxury და F SPORT. ყველა ვერსია აღჭურვილია ახალი, „ყველა ამინდისთვის“ განკუთვნილი წინა მაშუქებით, ელექტრორეგულირებადი და გათბობის ფუნქციის მქონე წინა სავარძლებით, გათბობის ფუნქციის მქონე ელექტრორეგულირებადი საჭითა და ელექტრული უკანა კარით. სტანდარტულ აღჭურვილობაში ასევე შედის ახალი ციფრული სალონი და უახლესი თაობის Lexus Safety System+ აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე სისტემები.

NX 450h+ დამატებით აღჭურვილია ახალი, 1500 ვატიანი ცვლადი დენის ელექტროროზეტით, რომლის საშუალებითაც ავტომობილი მობილური ენერგიის წყაროდაც შეიძლება გამოიყენოთ.

Executive კომპლექტაციის დამატებითი აღჭურვილობა მოიცავს წინა სავარძლების მეხსიერების ფუნქციასა და ელექტრორეგულირებად წელის საყრდენს, წინა სავარძლების ვენტილაციას, უკანა კარის უკონტაქტო გაღების ფუნქციას ფეხის მოძრაობით, უკანა დამუქებულ მინებს, 360-გრადუსიან პანორამული ხედვის მონიტორის სისტემას, სმარტფონის უსადენო დამტენსა და სალონის მრავალფეროვან განათებას.

Luxury კომპლექტაცია დამატებით მოიცავს 20 დუიმიან ალუმინის დისკებს, რბილი ტყავის მოპირკეთებას, უკანა სავარძლების გათბობას, საპროექციო გამოსახულებას საქარე მინაზე, ავტომატური და დისტანციური პარკირების სისტემებსა და Smart Comfort პაკეტს, რომელშიც ახალი სენსორული კონსიერჟის ფუნქციაც შედის (დეტალები იხილეთ ზემოთ).

NX F SPORT გამოირჩევა ექსტერიერისა და ინტერიერის სპორტული დიზაინის ელემენტებით. მათ შორის შავი ფერის ექსტერიერის დეტალები, 20 დუიმიანი, ორმაგქიმიანი ალუმინის დისკები, წითელი სამუხრუჭე სუპორტები და ექსკლუზიური ფერის ვარიანტები როგორც ძარისთვის, ისე სალონისთვის.

Executive კომპლექტაციისთვის დამატებით ხელმისაწვდომია პანორამული სახურავი და 20 დუიმიანი დისკები. Luxury და F SPORT კომპლექტაციებისთვის კი შესაძლებელია დამატებითი პაკეტის შეკვეთა, რომელიც მოიცავს პანორამულ სახურავს, 17 დინამიკიან Mark Levinson-ის პრემიალურ აუდიოსისტემასა და ციფრულ უკანა ხედვის სარკეს.

* სპეციფიკაციები და კომპლექტაციების დასახელებები შესაძლოა განსხვავდებოდეს ადგილობრივი ბაზრის მიხედვით.

ტექნიკური მახასიათებლების წინასწარი მონახაზი

ფრჩხილებში მითითებული მონაცემები მიმდინარე მოდელთან შედარებას ასახავს.
*1 განსხვავდება რეგიონისა და სპეციფიკაციების მიხედვით.
*2 წინასწარი მონაცემი დამუშავების პროცესშია.
*3 წინასწარი მონაცემი დამუშავების პროცესშია (WLTP რეჟიმი).
მოდელი NX 450h+ NX 350h
წამყვანი თვლები სრული ამძრავი სრული ამძრავი / წინა ამძრავი
საერთო სიგრძე (მმ) 4,690(+30) 4,690(+30)
საერთო სიგანე (მმ) 1,865(0) 1,865(0)
საერთო სიმაღლე (მმ) 1,660 (0) 1,660 (0)
თვლების ბაზა (მმ) 2,690(0) 2,690(0)
საკუთარი მასა (კგ) 2,050-2,130*1 1,790-1,870*1 / 1,730-1,800*1
საბურავის ზომა 235/60R18
235/50R20
235/60R18
235/50R20
ძრავი 2.5 ლიტრიანი, ერთი რიგის ოთხცილინდრიანი ძრავა 2.5 ლიტრიანი, ერთი რიგის ოთხცილინდრიანი ძრავა
ტრანსაქსელი ელექტრული ვარიატორი ელექტრული ვარიატორი
ძრავის სიმძლავრე (DIN ცხ.ძ./კვტ) 140/103*1*2 140/103*1*2
სისტემის ჯამური სიმძლავრე (DIN ცხ.ძ./კვტ) 296/218*1*2 190/140*1*2
აჩქარება 0-100 კმ/სთ (წმ) 6.1*1*2 7.7*1*2 / 7.8*1*2
ელექტრული სვლის მარაგი (კმ) >100 კმ*3